ე.წ. ტერორისტების საქმეზე მსჯავრდებული 5 პირიდან ერთ-ერთის, ზურაბ იდოიძის ადვოკატი, დათუნა მოდებაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს და ცრუ მოწმის ჩვენებით სურთ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში დატოვება.
"თავიდანვე ვამბობდი, რომ იდოიძის განაჩენი სასამართლომ მხოლოდ გორნაკაშვილის ჩვენებას დააყრდნო, რომელიც საპროცესო შეთანხმებას ითხოვდა, მას საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდების მხარე ვალდებულია გორნაკაშვილი პროცესზე მოიყვანოს და სიმართლე ათქმევინოს. ის სააპელაციოში მოსვლაზე უარს ამბობს.რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურას ამ საქმეში მტკიცებულებები საერთოდ აღარ ექნება, მაგრამ გავიგე რომ ვიღაც მოწმე ჰყავთ, რომელიც მანამდე არ არსებობდა. ალბათ, დღეს ამ მოწმის გამოკითხვაზე იშაუმდგომლობენ. ეს არის ცრუ მოწმე, რომლითაც გორნაკაშვილის შეცვლა უნდათ. პროკურატურას მინდა ვუთხრა, ხელი აიღონ ასეთი არაკანონიერი და უსამართლო პროცესუალურ მოქმედებებზე და შეეგუონ, რომ იდოიძე გამართლდება", - განაცხადა მოდებაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა. ბრალდების მხარემ მხოლოდ სასჯელის ნაწილში, ისინი თვლიან, რომ მძიმე დანაშაულზე მსჯავრდებულებს სასამართლომ ლმობიერი სასჯელი შეუფარდა.
საქმის პროკურორი, ნანა ხუნჯუა აცხადებს, რომ დღევანდელ პროცესზე სხვადასხვა სახის შუამდგომლობებს დააყენებენ.