აჭარა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათანაბრებით ტრანსფერს ვეღარ მიიღებს. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, რეგიონის მუნიციპალიტეტები ცენტრალური ბიუჯეტიდან გათანაბრებით ტრანსფერის გარეშე დარჩნენ, სანაცვლოდ კი მათ დღგ-ს ნაწილი, 19%-ი დარჩებათ.
გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დღგ-ს განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი 2019 წლიდან 2023 წლამდეა განსაზღვრული.
კოდექსის თანახმად, 2019 წელს თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ დღგ-ს განაწილების შედეგად მისაღები თანხის საპროგნოზო მაჩვენებელი, 2018 წელს ამავე მუნიციპალიტეტის გათანაბრებითი ტრანსფერისა და საშემოსავლო გადასახადის ჯამური მაჩვენებელის 25%-ზე მეტი არ იქნება.
ამ სქემის მიხედვით და 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 47 მლნ 953 ათას 600 ლარის დაფინანსებას მიიღებს, ქობულეთის მუნიციპალიტეტი - 9 მლნ 304 ათას ლარს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - 6 მლნ 410 ათას 900 ლარს, ქედის მუნიციპალიტეტი - 6 მლნ 110 ათას 300 ლარს, შუახევის მუნიციპალიტეტი - 250 ათას ლარს, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტი - 2 მლნ 170 ათასი ლარი.
თუმცა ეს არის მაქსიმალური თანხაა და რეალურად რას მიიღებს წლის განმავლობაში თითოეული მუნიციპალიტეტი ეს დამოკიდებულია ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებაზე.
2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გათანაბრებითი ტრანსფერი 40 მლნ 286 ათას 400 ლარია, ქობულეთის მუნიციპალიტეტის - 6 მლნ 443 ათას 200 ლარი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - 3 მლნ 928 ათას 700 ლარი, ქედის მუნიციპალიტეტი - 4 მლნ 538 ათას 200 ლარი, შუახევის მუნიციპალიტეტი - 0.0 ლარი, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტი - 1 მლნ 456 ათასი ლარი.
2020-2023 წლებში, წინა წელთან შედარებით თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად მისაღები შემოსავლის საპროგნოზო მოცულობის ზრდის მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება წლიური ბიუჯეტის კანონით, ანუ განსაზღვრული მაჩვენებელი თითოეულ წელს არ უნდა იყოს 25%-ზე ნაკლები.