გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ განიხილავს.
ჭანტურიამ მოსამართლის მიერ მიცემულ დროში პასუხის ჩამოყალიბება ვერ შეძლო, სურდა თუ არა, მისი საქმე ნაფიცებს განეხილათ.
საბოლოოდ, მოსამართლემ იმ მოტივით, რომ ბრალდებულმა პასუხი არ გასცა, საქმე არსებითად განსახილველად ერთპიროვნულ მოსამართლეს გადასცა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს დააკავეს. მისი სახლის ჩხრეკისას სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს. ის ბრალს არ აღიარებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. შსს-ს ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.