ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის პროკურორის, გიორგი ოსაძის განმარტებით, დაცვის მხარის მიერ დღეს წარმოდგენილ მასალებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებითი ღირებულება არ აქვს.
"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ თავისი წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია, ასევე ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის, აუდიო ჩანაწერები. თუმცა, ეს აუდიო ჩანაწერები მოიცავდა სხვადსხვა პერიოდში გასულ სატელევიზიო გადაცემებსა და სიუჟეტებს. რა თქმა უნდა, სატელევიზიო გადაცემებსა და სიუჟეტებს, რომელიც ჟურნალისტების მიერ არის მომზადებული, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. სასამართლოში ფასდება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოში გამოკვლეული და მოწმის მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია. ამდენად, მიგვაჩნია რომ ეს იყო მხოლოდ ინფორმირებისთვის წარმოდგენილი და არავითარი მტკიცებულებითი ღირებულება სატელევიზიო გადაცემებს არ გააჩნიათ", - აცხადებს ოსაძე.
ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების
საქმეზე ბრალდებულია 6 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ლევან გვაზავა, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი არიან ბრალდებული.
ერთ-ერთი ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს, 30 მარტს, 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.