სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეების მხრიდან სახალხო დამცველის წარმომადგენელი თავდასხმის ობიექტი გახდა. ლომჯარიას ინფორმაციით, აპარატის წარმომადგენელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე ზემოქმედებნენ ფიზიკურად და ხელს უშლიდნენ კანონით მინიჭებული მანდატის განხორციელებაში.
ლომჯარიას თქმით, აღსანიშნავია, რომ ინციდენტის დროს აქტიურობდნენ ცალკეული პოლიტიკოსები, რომელთათვისაც ძალიან კარგად არის ცნობილი სახალხო დამცველის მანდატი, რომ არც თავად ნინო ლომჯარიას და არც მის რომელიმე წარმომადგენელს უფლება არა აქვს ფიზიკური თუ სხვაგვარი წინააღმდეგობა გაუწიოს პოლიციას, არ მისცეს მათ რაიმე ქმედების განხორციელების შესაძლებლობა, ან აქციის მონაწილეებთან ერთად განახორციელოს რაიმე ქმედებები, ანუ, იყოს მისივე თქმით, ე.წ. "სუპერგმირი".
"რაც შეეხება განვითარებულ მოვლენებზე ჩვენ რეაგირებას, სახალხო დამცველმა არაერთხელ გააკეთა ოფიციალური განცხადება თუ კომენტარი კარვების დადგმის ხელის შეშლის ფაქტის თაობაზე, ერთ-ერთ ინციდენტთან დაკავშრებით დაიწყო გამოძიების დაწყების მოთხოვნით წინადადების შემუშავება, ჩვენი თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში აკვირდებიან აქციას, ასევე, მთელი ღამის ფარგლებში მოვინახულეთ ყველა დაკავებული პირი.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემ წარმომადგენელს, მანანა მარტაშვილს, რომელმაც სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მიუხედავად, შეინარჩუნა სიმშვიდე და იმოქმედა მანდატის შესაბამისად!
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმომადგენლებს, პატივი სცენ სახალხო დამცველის მანდატს და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ურთიერთობის დროს თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით!", - აღნიშნავს ლომჯარია.