გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული გიორგი ფანჯავიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხელწერილით გაათავისუფლა.
აღნიშნულ საქმეზე სხდომა კი 17 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
გიორგი ფანჯავიძე მის დაკავებაში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავს და უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს მუქარაში ადანაშაულებს.
„არჩილ თალაკვაძე დამემუქრა ერთი კვირის წინ, რომ მე ცხვირს წავიმტვრევდი. მე მქონდა სხვადასხვა აქტივობები, რამაც ისინი გააღიზიანა... ახლა მითითხნიან სისხლის სამართლის საქმეს, რომ თითქოს, საპატრულო პოლიციის მანქანის საქარე მინა ჩავამტვრიე. დაზიანებები მეტყობა, კარებს მირტყამდმენ, კარი რომ ჩაეკეტათ ფეხებს მამტვრევდნენ, თავზე მესხდნენ...
თალაკვაძე გამწარდა, აღებული პრემია-დანამატები რომ ავუტვირთე. შესაძლოა, 17 ოქტომბრამდე მე „შემიკერონ“ სისხლის სამართლის საქმე, თუმცა, მე არ დავნებდები", - განაცხადა გიორგი ფანჯავიძემ.
მანვე დასძინა, რომ ჯიბეებამოკერილი დადის, რადგან მისთვის რაიმეს "ჩადება" არ მოხდეს.
სხდომის გადადებას არ ეთანმხება მისი ადვოკატი, ლევან დავითაია. როგორც ის განმარტავს, დღევანდელ პროცესზე შსს-ს მტკიცებულებები არ ჰქონდა წარმოდგენილი. მისივე განმარტებით, მოსამართლემ სხდომის გადადებით, პოლოციელებს დრო მისცა ფანჯავიძის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოსაპოვებლად.