მერაბ მორჩაძის საქმეში გახლავთ, როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე ნივთიერი და სხვა წერილობითი მტკიცებულებები, - ამის შესახებ პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ 17 ტომიან საქმეში მორჩაძის წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულებაა.
"დღევანდელ პროცესზე დაცვის და ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა შუამდგომლობა მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის თაობაზე. ბრალდების მხარემ იშუამდგომლა ჩვენს მიერ წარდგენილი 17 ტომის, მათ შორის ნივთიერი მტკიცებულებების დაშვებაზე. ასევე დაცვის მხარემაც წარმოადგინა მისი მტკიცებულები და მოითხოვა მათი დაშვება. დაცვის მხარემ იშუამდგომლა ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობაზე, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით. ვინაიდან აღნიშნული შუამდგომლობა ჩვენთვის მანამდე ცნობილი არ იყო, წერილობითი დასაბუთების მოსამზადებლად სასამართლომ გონივრული ვადა განგვისაზღვრა და მომდევნო სხდომაზე ბრალდების მხარე წარადგენს პოზიციას, როგორც დაცვის მხარის შუამდგომლობაზე, ასევე მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე", - აცხადებს პროკურორი.
შემდეგი სხდომა 3 ოქტომბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე. გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძემ მას ურჩია, არ მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება, მკვლელობიდან თვენახევარში კი მას ამის სანაცვლოდ თანხა 100 ლარის ოდენობით გადასცა.