თბილისში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის მიმდებარედ, 230 ბენეფიციარის მომსახურებაზე გათვლილი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყობა, რისთვისაც 983 200 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის მხარდასაჭერად „მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 3040 კვ.მ. მიწის ნაკვეთი უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცა.
ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი, საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს, კონკრეტულად მათზე მორგებულ სერვისებს და პროგრამებს შესთავაზებს. ცენტრი აღჭურვილი იქნება უახლესი მოწყობილობებით, სენსორული ოთახებით, სხვადასხვა სახის თერაპიისთვის საჭირო ინვენტარით და დაკომპლექტებული იქნება უცხოეთიდან მოწვეული ტრენერების მიერ გადამზადებული პროფესიონალებით. ახალ ცენტრში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს ექნებათ ყველანაირი პირობა ზრდისა და განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე, 230 ბენეფიციარს უფასოდ მოემსახურება.