აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 21.1%-იანი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის გეგმა ასევე 21.1%-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 159 მლნ 957 ათასი ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 193 მლნ 665 ათას 700 ლარი შეადგინა, ანუ გეგმა 121.1%-ით შესრულდა.
სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების მუხლი, 8 თვის მონაცემებით, 118.6%-ით შესრულდა, სხვა შემოსავლების მუხლი 108.1%-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 151.8%-ით.
რაც შეეხება 2018 წლის იანვარ-აგვისტოს ნაერთი ბიუჯეტის გეგმას - 229 მლნ 292 ათს 100 ლარი იყო, თუმცა ის 21.1%-ით გადაჭარბდა და შესრულებამ 277 მლნ 769 ათას 500 ლარი შეადგინა.
საბიუჯეტო მონაცემები ცხადყოფს, რომ აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების მუხლი 20.3%-იანი გადაჭარბებით, სხვა შემოსავლების მუხლი 12.6%-იანი, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 45.5%-იანი გადაჭარბებითაა შესრულებული.
რაც შეეხება თვითმმართველ და მუნიციპალურ ბიუჯეტებს მათი შესრულების მონაცემები ასე გამოიყურება: ბათუმი 111.1%-ი, ქობულეთი - 113.2%-ი, ხელვაჩაური - 174.7%-ი, ქედა - 88.8%-ი, შუახევი -168%-ი და ხულო - 172.1%-ი.