ესტონეთი, ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა, იწყებს დასაქმების პროგრამას სახელად Career Hunt. პროგრამა ხორციელდება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში წამყვან კომპანიებთან ერთად და მიზნად ისახავს ქართველი სპეციალისტების მოძიებას, რომლებიც იბრძოლებენ წამყვანი პოზიციების დასაკავებლად ისეთ საერთაშორისოდ ცნობილ კომპანიებში, როგორებიცაა: Taxify, Twilio, Microsoft, Veriff და Swedbank.
შერჩეული კანდიდატები 5 დღიანი ვიზიტით გაემგზავრებიან ესტონეთში, სადაც ისინი შეხვდებიან საინფორმაციო ტექნოლოგიების გიგანტებს, ეწვევიან NATO-ს კიბერთავდაცვის ცენტრს, დაესწრებიან ყველაზე მასშტაბურ რობოტიკსის ფესტივალს რობოტექსი და მიეცემათ შანსი, მიიღონ მონაწილეობა დასაქმების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ გასაუბრებებში.
საერთაშორისო დასაქმების პორტალი Jobbatical ეხმარება დამსაქმებლებს, მოიძიონ შესაფერისი კანდიდატები და გამართონ წინასწარი გასაუბრებები. Jobbatical-ის აღმასრულებელი დირექტორის, კაროლი ჰინდრიკსის თქმით, ტექნოლოგიების სექტორში კადრების ნაკლებობა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა და ესტონეთი აღნიშნული კამპანიებით ცდილობს შეცვალოს კადრების მოძიების არსებული მეთოდი.
„ვაკანსიების თაობაზე უბრალო რეკლამები აღარ არის საკმარისი. დღეს ადამიანებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ გადაადგილების, ვიდრე მანამდე და მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ინფორმაცია ეფექტური გზებით მიაწოდო“- ამბობს Jobbatical-ის აღმასრულებელი დირექტორი, კაროლი ჰინდრიკსი.
ბოლო დეკადასთან შედარებით, ტალანტებზე ნადირობამ ექსტრემალური სახე მიიღო, ამბობს ჰინდრისკი. ManpowerGroup-ის(ადამიანური რესურსების მართვის ლიდერი ორგანიზაცია www.manpowergroup.com) კვლევა გლობალური დასაქმების შესახებ ადასტურებს, რომ კადრების პრობლემა ბოლო 12 წლის მანძილზე არ ყოფილა ისეთი მწვავე, როგორც დღეს. მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ დამსაქმებელთა 45%-ს საჭირო უნარ-ჩვევების მქონე კადრის მოძიება გაუჭირდა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 39 000 დამსაქმებელი 43 ქვეყნიდან, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მსოფლიოს ბაზარზე არის უდიდესი მოთხოვნა სპეციფიური ტექნიკური უნარ-ჩვევების მქონე ადამიანებზე, მაგალითად ინჟინრებსა და IT სპეციალისტებზე. ყოველი ოთხიდან ერთი დამსაქმებელი ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წელს კადრების მოძიება რთული იყო.
იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ესტონეთში კარიერის გაგრძელებით და ცხოვრებით, Career Hunt აძლევს შანსს ყოველგვარი დანახარჯის გარეშე ეწვიონ ქვეყანას და მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები. პროგრამა, მონაწილეებს სთავაზობს, შეხვდნენ დამსაქმებლებს და მიიღონ გამოცდილება იმ ყველაფრისგან, რასაც ტალინი და ესტონეთი შესთავაზებთ მათ.
1.3 მილიონი მოსახლეობით, ესტონეთს აქვს მზარდი სექტორი საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომუნიკაციების მიმართულებით. როგორც პროგნოზირებენ, 2020 წლისთვის, ესტონეთის სამუშაო ბაზარზე 37, 000 ICT სპეციალისტით ნაკლები იქნება, ნაწილი მათგანის დაკომპლექტება კი საქართველოდან იგეგმება.
შერჩეული კანდიდატები:
- მიიღებენ 5 დღიან უნიკალური მოგზაურობის გამოცდილებას ტალინში, უფასო ფრენითა და განთავსებით;
- მიიღებენ დაშვებას ყველა ადგილობრივ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, ეწვევიან NATO-ს კიბერ უსაფრთხოების ცენტრს და შეხვდებიან Start-up Unicorn-ებს;
- შეხვდებიან პოტენციურ დამსაქმებლებს;
- გაერთობიან (აუთენტური ესტონური საუნა, craft ლუდი და რობოტიქსი);
- აღმოაჩენენ ესტონეთს, როგორც ადგილს ცხოვრებისათვის და მუშაობისათვის.
აპლიკაციის შევსება შესაძლებელია 2018 წლის 23 სექტემბრამდე, ელექტრონულად შემდეგ ბმულზე: https://careerhunt.eu/.