„2018 წლის, 8 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთაშორისო ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. საუბარია თითქმის 23%-იან ზრდაზე”, აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილი.
კაიკაციშვილის განმარტებით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში აჭარას 1 400 000 საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, ეს იმ ფონზე, როდესაც 2017 წლის განმავლობაში რეგიონში სულ 1 513 000 საერთაშორისო მოგზაური დაფიქსირდა.
„ცხადია 2018 წლის ბოლომდე მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შეიცვლება. მატება გაქვს ველა მიმართულებით, ვიზიტორების ზრდაა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან, ბათუმის პორტიდან და ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან.
ყველაფერი ეს კი განპირობებულია იმით, რომ ჩვენ აქტიურ სარეკლამო კამპანიას ვეწევით 16 სამიზნე ქვეყანაში. შესაბამისად ჩვენი რეკლამები გადის, როგორც „ევრონიუსზე“ და „ბიბისიზე“ ასევე „დოიჩე ველეზე“ და სხვა მედია პლატფორმებზე. აქტიურად ვიყენებთ ინტერნეტ რეკლამებს. აჭარის შესახებ სარეკლამო სტატიები წარმოდგენილია საბორტო ჟურნალებში. ინფო და პრესტურების ფარგლებში უკვე ვუმასპინძლეთ 300-ზე მეტ ჟურნალისტს. ყველაფერი კი ეს შედეგად გვაძლევს იმას, რომ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა რეგიონში მზარდია“, აცხადებს თამარ კაიკაციშვილი.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ რეგიონში უკვე მზარდია ვიზიტორების ზრდა ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან და სხვადასხვა სამიზნე ქვეყნებიდან.
რაც შეეხება ზაფხულის 3 თვეს, სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, აჭარაში 750,000 მდე საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. ზრდამ წინა წლის ზაფხულთან შედარებით 22%-ი შეადგინა.