მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველოს მე-4 პოზიციას დადებითად აფასებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე.
,,გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშში წარმოდგენილი საქართველოს პოზიცია, როგორც ტურისტულად მზარდი ქვეყნის, მეტად მნიშვნელოვანია ცნობადობის ამაღლების კუთხით, რაც ასევე კიდევ უფრო მეტად გაზრდის ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობას.
მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ შავი ზღვის რეგიონში საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები უფრო ყურადსაღები და თვალსაჩინო გახდა, რაზეც უკვე ექსპერტების დაკვირვებაც მეტყველებს. ვიმედოვნებთ, როგორც ზრდის მაჩვენებლებით, ასევე მომსახურების ხარისხის მაღალი შესაძლებლობებითაც მივაღწევთ დიდ წარმატებებს“, აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.
შეგახსენებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO ) 2017 წლის ტურისტული მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშში წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების, რეგიონების სტატისტიკური მონაცემები, კვლევები, ტენდენციები და აქტივობები, რომელიც ტურიზმს მოიცავს.
ანგარიშის მიხედვით, ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად შემდეგ ქვეყნებში გაიზარდა
ეგვიპტე 55%
ტოგო 46%
ვიეტნამი 29%
საქართველო 27.9%
ზრდის მიმართულებით საქართველომ გაუსწრო ტურისტულად განვითარებულ შემდეგ ქვეყნებს: საფრანგეთი, ესპანეთი, თურქეთი და ა.შ.
ანგარიშის მიხედვით საქართველო ისეთ ტურისტულად სწრაფად მზარდ ქვეყნებთან ერთად აღმოჩნდა, როგორებიც არიან: ეგვიპტე, ტოგო და ვიეტნამი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველო ტურისტული ზრდის მიხედვით მსოფლიში მოწინავე პოზიციებს იკავებს. გასულ წელს საქართველომ ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით გასულ წელს მთელ მსოფლიოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 6.8%-ით გაიზარდა.