ახალი საბაჟო კანონმდებლობა, სრულ თანხვედრაშია ევროკავშირში მოქმედ სტანდარტებთან, განბაჟებისა და საზღვრის კონტროლის პროცედურებთან. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის დამამთავრებელი ეტაპი ევროკავშირის კანონმდებლობასთან საბაჟო კოდექსის ჰარმონიზაციის კუთხით - აღნიშნა USAID-ის პროექტი ''მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) პროექტის მრჩეველმა საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობის საკითხებში, ბონდო ბოლქვაძემ ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის შეფასებისას.
მისი განცხადებებით, ახალი საბაჟო კოდექსის ამოქმედებამ, მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ვაჭრობის ხელშეწყობისა და გაიოლების მიმართულებით.
„რაც შეეხება კოდექსის გავლენას ბიზნესგარემოზე - ვიტყოდი, რომ ეს არის უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს სტანდარტები, წესები და პროცედურები საერთაშორისოდ არის აღიარებული და ცნობილია ყველა უმსხვილესი კომპანიისთვის. შესაბამისად, საქართველოს მიერ ამ პროცედურების გაზიარება, დიდი კომპანიებს, მოვაჭრეებს, პოტენციურ ინვესტორებს საშუალებას მისცემს უკეთესად აღიქვან ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები, მათ შორის, საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით“, - აღნიშნა ბონდო ბოლქვაძემ.
მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი G4G-ის ჩართულობის მნიშვნელობას საბაჟო კოდექსის პროექტის შემუშავების პროცესში.
„G4G აქტიურად იყო ჩართული საბაჟო კოდექსის პროექტის შემუშავების პროცესში კერძო და საჯარო სექტორების შორის თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენი მიზანი იყო კოდექსი და მიღებული გადაწყვეტილებები შეთანხმებული, მისაღები და გასაგები ყოფილიყო ორივე მხარისთვის. ფინანსთა სამინისტრო გეგმავს საბაჟო კოდექსის მიღებამდე შედგეს დოკუმენტის საჯარო განხილვა. G4G მზადაა, აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, რათა საბოლოო დოკუმენტი მაქსიმალური ჩართულობისა და კონსენსუსის შედეგად იქნას მიღებული“, - განაცხადა USAID-ის პროექტი ''მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) პროექტის მრჩეველმა საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობის საკითხებში ბონდო ბოლქვაძემ.