სიმბოლურია, რომ ევროპულ საბაჟოზე კოდექსზე ვსაუბრობთ საბაჟო სამსახურის შექმნის 100 წლისთავზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, ახალი საბაჟო კანონმდებლობა შემუშავებულია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.
„საუკუნის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის საბაჟო ლიდერი და ერთ-ერთი საუკეთესოა არამხოლოდ რეგიონში. თუმცა, ციფრული ეკონომიკის ეპოქაში, ჩვენ გვაქვს ახალი მიზანი, რაზეც ბევრჯერ ვისაუბრეთ და ეს არის ციფრული საბაჟოს კონცეფცია, რაც გულისხმობს საბაჟო სერვისების დიგიტალიზაციას - საბაჟოს ყველა სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
დღეს, ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პროექტით გათვალისწინებული სიახლეები გააცნო.