წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის II კვარტალში 389.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 9.4 პროცენტით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ საწარმოებიდან მიღებული განახლებული მონაცემების საფუძველზე საქსტატმა დააზუსტა 2017 წლის (რომლის შედეგადაც გამოქვეყნებული მაჩვენებელი გაიზარდა 0.3 პროცენტით) და 2018 წლის I კვარტალის (მაჩვენებელი შემცირდა 0.1 პროცენტით) მონაცემები.
2018 წლის II კვარტალში რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.9 პროცენტი შეადგინა.
2018 წლის II კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების პროცენტული სტრუქტურის მიხედვით, პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი - 20.7 პროცენტით, მეორე ადგილზეა ჩეხეთი - 20.0 პროცენტით, ხოლო მესამეზე ნიდერლანდი - 16.8 პროცენტით.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2018 წლის II კვარტალში 64.2 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 108.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28.0 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორი 77.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - საფინანსო სექტორი 64.1 მლნ. აშშ დოლარით.