ბათუმს ლურჯი ფერის ახალი მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება.
60 ადამიანზე გათვლილი, GPS სისტემითა და კონდენციონერით აღჭურვილი ტრანსპორტი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არის ადაპტირებული.
ახალი ავტობუსები ქალაქის ქუჩებში პირველად პირველ სექტემბერს, ,,ბათუმობის“ დღესასწაულზე გამოჩნდება. ლურჯი ავტობუსებით მგზავრობა პირველ სექტემბერს, ,,ბათუმობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, უფასო იქნება.
აღნიშნული ავტობუსების შეძენა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) დაბალპროცენტიანი სესხით განხორციელდა.
ქალაქს პირველ ეტაპზე 15 ევრო 5 სტანდარტის ავტობუსი, წლის ბოლომდე კი დამატებით 25 მოემსახურება.
პრეზენტაციას საქართველოში იაპონიისა და უკრაინის ელჩები, კომპანია ისუზუსა და EBRD-ს წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე,აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბათუმის მერი, შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
„ისუზუ ატამანის“ მოდელის ავტობუსების მოწოდება ტენდერში გამარჯვებულმა უკრაინულ-იაპონურმა კომპანიამ – „ჩერკასკი ავტობუსმა” უზრუნველყო.
მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე არსებული უკონტაქტო გადახდის გაუმჯობესებული სისტემით განხორციელდება.