ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ბათუმში, საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქში, გარემოსათვის უსაფრთხო, 15 დაბალ-ძირიანი ავტობუსის შეძენა დააფინანსა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებისა და მოდერნიზების მიზნით.
ბანკმა, დაახლოებით ერთი წლის წინ, 3.2 მილიონი ევროს ოდენობის სამთავრობო სესხი გამოუყო საქართველოს, რომელიც ქვე-სესხის სახით გადაეცა ქალაქ ბათუმს და მოხმარდა მუნიციპალური ავტობუსის კომპანიის, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ 40 ცალი დიზელის ავტობუსის შეძენას Euro V ძრავებით, გარემოს დაცვისა და ტრანსპორტის გამართული მუშაობის ხელშეწყობის მიზნით. ახალი ავტობუსები ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისათვის გაუმჯობესებულ სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს, სერვისი გახდება უფრო სანდო, უსაფრთხო და ეფექტიანი და ემისიების შემცირების გზით ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. დაბალ-ძირიანი ავტობუსები მგზავრობას უფრო ხელმისაწვდომს გახდის, მათ შორის, ასაკოვანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის და მშობლებისათვის საბავშვო ეტლით. დანარჩენი ავტობუსები საქართველოში სექტემბრის ბოლოს ჩამოვა.
ბათუმში, ხელმოწერის ცერემონიალის დროს, თეა მელიქაძემ განაცხადა: „EBRD მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს სუფთა და მწვანე ტრანსპორტირებაზე გადასვლის პროცესს, რაც ხელს შეუწყობს ჰაერის დაბინძურების შემცირებას, ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორების მზარდ რაოდენობას კი სუფთა და უსაფრთხო ტრანსპორტის სერვისით უზრუნველყოფს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი EBRD-სთვის საქართველოში და მისი წარმატებული განხორციელების შედეგად, ვიმედოვნებთ, რომ მეტის გაკეთებას შევძლებთ გარემოსა და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის.“
პროექტი წარმოადგენს EBRD-ის მწვანე ქალაქების ჩარჩოს ნაწილს, რომელიც მუნიციპალური „მწვანე“ ინვესტიციების მხარდამჭერი პროგრამაა და ხელმისაწვდომია ყველა ქვაყანაში, სადაც ბანკი საქმიანობას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, EBRD ასევე გამოყოფს 0.8 მილიონ ევროს ტექნიკური თანამშრომლობის ფონდიდან, ბათუმისათვის მწვანე ქალაქების სამოქმედო გეგმის განვითარების, კორპორატიული განვითარებისა და დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის პროგრამების ხელშეწყობის მიზნით.
ეს EBRD-ის მეორე ინიციატივაა ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზების კუთხით. 2008 წელს ბანკმა 76 ცალი საშუალო ზომის დიზელის ავტობუსის, მათ შორის, ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა დააფინანსა.
EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 3.11 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 218 პროექტში - ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 90 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.