„მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით 2018 წლის ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.5%-მდე გავზარდეთ”, აღნიშნულია სსფ-ს მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზში.
სსფ-ს ინფორმაციით, მოსალოდნელი მაღალი ეკონომიკური აქტივობა და სავაჭრო პირობების შესუსტება, სავარაუდოდ, გაზრდის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. ეკონომიკურ პერსპექტივაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები, რაც განპირობებულია რეგიონში არსებული ვითარებით და სავაჭრო კონკურენციით, რეზერვების დაგროვების და მოქნილი გაცვლითი კურსის შენარჩუნების საჭიროებას წარმოშობს. მოქნილი გაცვლითი კურსი სასარგებლოა საქართველოსთვის და იგი გონივრულ მაკრო პოლიტიკასთან ერთად, გააძლიერებს ქვეყნის მედეგობას საგარეო შოკების მიმართ.
“სსფ-ს მისიამ საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილა მაღალი და ინკლუზიური ზრდის ხელმშემწყობი რეფორმების მიმდინარეობა; შეაფასა სხვადასხვა ინიციატივები. საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა დამოუკიდებელი საპენსიო სააგენტო და დაამტკიცა დებულებები კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონის განხორციელებისათვის. ხელისუფლებამ დახვეწა გადახდისუუნარობის კანონი და აამოქმედა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ხელშემწყობი დებულებები. ამჟამინდელი გარემოში მიზანშეწონილია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ეკონომიკის მედეგობის გაზრდის, კერძო სექტორის მიერ წაძღოლილი ზრდის, ეკონომიკის დივერსიფიცირების და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით.
სსფ-ს მისია მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას ღია და კონსტრუქციული განხილვებისთვის ვიზიტის მსვლელობისას. მისია შეხვდა ბატონ კობა გვენეტაძეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ბატონ ივანე მაჭავარიანს, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს, საქართველოს ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრს, ასევე ხელისუფლების სხვა და დიპლომატიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სსფ-ს მისია მოუთმენლად ელოდება თანამშრომლობას ქვეყნის ხელისუფლებასთან მიმდინარე, სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი, საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მოახლოებული, მესამე მიმოხილვის ფარგლებში, რომელიც ამა წლის ოქტომბრის თვეში არის დაგეგმილი”, აღნიშნულია სსფ-ს პრესრელიზში.