გერმანული მხარის ფინანსური მხარდაჭერით ხულოს, ქედის და შუახევის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში წყალის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ხელს შეუწყობს მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი განცხადებით, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ასევე, მიმდინარეობს „ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის“ პროექტი, რომელის მთლიანი დაფინანსება შეადგენს 119 მილიონ ევროს სესხის და 37 მილიონ ევროს გრანტის სახით.
აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, შეიქმნება მიმზიდველი პირობები რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის. ასევე, ხელი შეეწყობა საშუალო და მცირე ბიზნესს, რაც საწინდარია ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.