აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 23.8%-იანი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 23.6%-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ივლისში აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 137 მლნ 657 ათასი ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 170 მლნ 395 ათას 100 ლარი შეადგინა, ანუ გეგმა 123.8%-ით შესრულდა.
სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების მუხლი, 7 თვის მონაცემებით, 121.2%-ით შესრულდა, სხვა შემოსავლების მუხლი 116.8%-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 147.8%-ით.
რაც შეეხება 2018 წლის იანვარ-ივლისის ნაერთი ბიუჯეტის გეგმას - 202 მლნ 604 ათას 200 ლარი იყო, თუმცა ის 23.6%-ით გადაჭარბდა და შესრულებამ 250 მლნ 382 ათას 200 ლარი შეადგინა.
საბიუჯეტო მონაცემები ცხადყოფს, რომ აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების მუხლი 23.1%-იანი გადაჭარბებით, სხვა შემოსავლების მუხლი 16.4%-იანი, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 40.4%-იანი გადაჭარბებითაა შესრულებული.
რაც შეეხება თვითმმართველ და მუნიციპალურ ბიუჯეტებს მათი შესრულების მონაცემები ასე გამოიყურება: ბათუმი 110.4%-ი, ქობულეთი - 96.9%-ი, ხელვაჩაური - 195.2%-ი, ქედა - 109.1%-ი, შუახევი -187.5%-ი და ხულო - 208.8%-ი.