ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობაში ბრალდებული 20 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის გადაიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენს“ კობაურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ მიაწოდა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, კობაური შერაცხადია და ამ დანაშაულს ნორმალური ფსიქიკის ადამიანი ვერ ჩაიდენდა.
„ბრალდების მხარე საუბრობს, რომ ერთმა ადამიანმა, კობაურმა მოკლა ჯერ კაცი, შემდეგ მცირეწლოვანი ბავშვი, მერე ქალს გაეკიდა, იძალადა და მერე ისიც გაგუდა. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, ფსიქიკურად გაწონასწორებულ ადამიანს ეს როგორ შეეძლო გაეკეთებინა? ამიტომაც გადაიყვანეს ის ექსპერტიზაზე.
მე მიმაჩნია, რომ ის აბსოლუტურად შერაცხადია, ლოგიკურად აზროვნებს და იმას ვამტკიცებთ, რომ თუკი, ის შერაცხადია, როგორ ჩაიდინა ეს დანაშაული, რომელიც გამორიცხულია, მხოლოდ ერთ პიროვნებას ჩაედინა’, - დასძენს ადვოკატი.
ცნობისთვის, 7 ივლისს, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.
აღნიშნული მკვლელობის საქმეზე 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რამდენიმე დღის წინ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაც გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც, ლორა სმიტი გაუპატიურებულია.