ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესზე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს მშობლები გამოიკითხნენ. როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, მერაბ მამულაძე აცხადებს, გ.ჯ.-ს მშობლებს ბრალდებულთა მამხილებელი ჩვენება არ მიუციათ.
"დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა ორი მოწმე, აღნიშნული მოწმეები ერთ-ერთი მსჯავრდებულის მშობლები არიან. კონკრეტულად, თუ რა ჩვენება მისცეს მათ, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მინდა განვაცხადო რომ მათი ჩვენებებით არცერთ შემთხვევაში არ დასტურდება პირთა ბრალეულობა, ანუ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა. მოწმეებმა აღწერეს ის ფაქტები, რაც საქვეყნოდაა ცნობილი, რასაც არც დაცვის მხარე არ უარყოფს. ორივე მოწმემ განაცხადა, რომ ბრალდებულებთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ. საერთოდ არც იცნობდნენ და თვალითაც არ უნახავთ. შესაბამისად, ვერანაირი მტკიცებულება, რომელიც შეიძლება ბრალდების მხარემ გამოიყენოს პირის მსჯავრდებისთვის, აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოზე არცერთი მოწმის მიერ არ გაცხადებულა", - აცხადებს მამულაძე.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ორი არასრულწლოვნის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ არასრულწლოვანი გ.ბ. ცნო, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის არასრულწლოვანი გ.ჯ. აღნიშნულ საქმეზე დანაშაულის დაფარვასა და შეუტყობინებლობაზე ექვსი პირი, მათ შორის მირზა სუბელიანი დააკავეს. ერთი პირი - მერაბ მორჩაძე კი, სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე - მიხეილ კალანდიაზე ზემოქმედებას გულისხმობს. მოგვიანებით, დააკავეს არასრულწლოვანი დ.ღ., რომელსაც ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული.