ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესზე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს მშობლები გამოიკითხნენ. როგორც საქმის პროკურორი განმარტავს, მათთვის შვილის ადგილსამყოფელი რამდენიმე ხნის განმავლობაში უცნობი იყო. მისივე თქმით, ის რომ გ.ჯ. კალანდიებთან იმყოფებოდა, მკვლელობის დღეს გაიგეს, თუმცა, მოგვიანებით. "დედას უფრო ნაკლები ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა, მამას მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა გარკვეული მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია, რაც სასამართლოს მიაწოდა. გადამეტებული იქნება იმის თქმა, რომ მან ვინმეს მამხილებელი ჩვენება მისცა, თუმცა მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან დაასახელა გარკვეული გარემოებები, რომელსაც სხვა მოწმეებიც ასახელებენ და ამ მოწმეების ჩვენებებთან მისი ჩვენება თანხვედრაში მოვიდა. მშობლების განმარტებით მათი შვილის გ.ჯ.-ს გადაადგილებამდე, არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის თაობაზე თუ სად გადაადგილეს ის", - აცხადებს გიორგი ქობულაძე.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ორი არასრულწლოვნის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ არასრულწლოვანი გ.ბ. ცნო, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის არასრულწლოვანი გ.ჯ. აღნიშნულ საქმეზე დანაშაულის დაფარვასა და შეუტყობინებლობაზე ექვსი პირი, მათ შორის მირზა სუბელიანი დააკავეს. ერთი პირი - მერაბ მორჩაძე კი, სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე - მიხეილ კალანდიაზე ზემოქმედებას გულისხმობს. მოგვიანებით, დააკავეს არასრულწლოვანი დ.ღ., რომელსაც ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული.