დღეს ბათუმში „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა.
სამოქმედო გეგმის პროექტი ოფიციალურად ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ EBRD-ის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გუნდის დირექტორის მოადგილე ლინ ო’გრეიდისთან ერთად გახსნა.
„ქალაქის მასშტაბით სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სხვადასხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. მშენებლობების პარალელურად, ჩვენს წინაშე გამოწვევად გარემოს დაცვის საკითხები დგას. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის განვითარების პროცესში დროულად მივაქციოთ ყურადღება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, რათა არ მივიღოთ ერთის მხრივ, ინფრასტრუქტურული განვითარება, ხოლო მეორეს მხრივ, სავალალო შედეგები გარემოს დაცვის კუთხით. მოგეხსენებათ, ჩვენ შევიმუშავეთ 2018-2021 წწ-ის სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელშიც თავისი ადგილი უჭირავს გარემოს დაცვის საკითხებს. პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ითვალისწინებს მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის შედგენას, ანუ წარმოადგენს დეტალურ გზამკვლევს, რომელიც საფუძვლად დაედება შემდგომში პროექტებს, მათ შემუშავებასა და განხორციელებას. ბათუმის მერია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ვაცნობიერებთ და სრულად ვღებულობთ საკუთრებას ამ პროექტზე. განსაკუთრებით, ხაზი მინდა გავუსვა პროექტის მიმდინარეობისას მერიის სტრუქტურების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, ვინაიდან შემდგომში ეს სამოქმედო გეგმა სწორედ მუნიციპალიტეტის განსახორციელებელია. დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ დონორი კომპანიები შემდგომ ეტაპებზეც ჩაგვერთვებიან, როგორც პროექტის განხორციელების, ასევე დაფინანსების მიმართულებით“ - განაცხადა შეხვედრაზე ლაშა კომახიძემ.
ბათუმის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა განიხილავს გარემოს პირობებზე მოქმედ სექტორებს. მათ შორის, ტრანსპორტს, ენერგეტიკას, ინდუსტრიას, მიწათსარგებლობას, ნარჩენების, წყლის მართვასა და ა.შ.
„მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა“ წარმოადგენს ჩარჩო პროგრამის მთავარ ინსტრუმენტს, რომელიც ეხმარება ქალაქებს, ჩამოაყალიბონ თავიანთი მდგრადი განვითარების ხედვები და სტრატეგიული მიზნები; ასევე სამოქმედო ღონისძიებები და საინვესტიციო პროექტები, რაც დაეხმარება გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტაში.
EBRD-ის მწვანე ქალაქების ჩარჩო პროგრამა წარმოადგენს მწვანე ურბანული განვითარების სრულფასოვან ბიზნესმოდელს, სადაც, სტრატეგიულ დაგეგმვასთან ერთად, ასევე გათვალისწინებულია ინვესტირება და ტექნიკური დახმარება.
„მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.