საქართველოს მთავრობა ციტრუსის სუბსიდირებას წელსაც არ აპირებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ციტრუსის სუბსიდირება არ იგეგმება. მთავრობამ რთველის სუბსიდირებაზე უარი უკვე გაასაჯაროვა.
სამაგიეროდ, აჭარის მთავრობა რეგიონის ციტრუსის გადამამუშავებელ კომპანიებზე, რომლებიც სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად ჩაიბარებენ, 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის სახელმწიფო სუბსიდიას გასცემს.
გააგრძელებს თუ არა შემდეგ წლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ციტრუსის სუბსიდირებას უცნობია, სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
მიმდინარე წელს კი ციტრუსის სუბსიდირებისთვის აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ ქვეპროგრამით 0.5 მლნ ლარია გათვალისწინებული.
აჭარის სოფლის მეურნეობის ანგარიშის მიხედვით, ციტრუსის 2017-2018 წლის სეზონზე პროგნოზირებული იყო 55 ათასი ტონა ციტრუსის წარმოება, თუმცა საანგარიშო პერიოდში რეალიზებული იქნა 23 ათას 569 ტონა სტანდარტული ციტრუსის ნაყოფი.
საერთო ჯამში შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’-სა და შპს ,,TCF GEORGIA’’-ს მიერ გადამუშავებული იქნა 8320.3 ტონამდე არასტანდარტული ციტრუსის ნაყოფი, საიდანაც დამზადებული მანდარინის კონცენტრირებული წვენი ექსპორტირებული იქნება იაპონიის, ისრაელის, ჰოლანდიისა და რუსეთის ბაზრებზე.
გასულ სეზონზე აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, რეგიონის ციტრუსის გადამამუშავებელ კომპანიებზე, რომლებმაც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინი არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გასცა.
ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი - 15352ტ, სომხეთი - 2 442ტ, აზერბაიჯანი - 44ტ, უკრაინა - 5132ტ, ყაზახეთი - 153ტ, უზბეკეთი - 241 ტ, ბელორუსი - 172ტ, პოლონეთი - 30ტ, ლიტვა - 3 ტ, კატარი - 1 ტ.