აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ეკონომიკური შედეგები, რაც რეგიონში მიიღწევა, აჭარის თითოეულ მკვიდრზე უნდა აისახოს. თორნიკე რიჟვაძემ ასევე აღნიშნა, რომ საგადასახადო შეღავათები აუცილებლად იქნება მიმართული აჭარისა და ბათუმის მეტი პოპულარიზაციისკენ და ხელს შეუწყობს დასაქმებას.
„ეკონომიკური განვითარების ხაზი რა თქმა უნდა გადის ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე და ეს გულისხმობს აჭარის თითოეულმა მკვიდრმა თავის თავზე იგრძნოს ის ეკონომიკური შედეგები, რაც ჩვენს ქვეყანაში მიიღწევა. ამისთვის კი ჩვენ გვაქვს კონკრეტული ეკონომიკური ინიციატივები, როგორც ტურიზმის, ასევე ეკონომიკის მიმართულებით, ასევე მომიჯნავე სექტორებში. შესაბამისად, ჩვენ ამ კონკრეტული ინიციატივებით ძალიან მალე შევძლებთ ჩვენი საქმიანობის და ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შედეგები თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნოს.
საგადასახადო შეღავათები მიმართული იქნება აჭარისა და ბათუმის მეტი პოპულარიზაციისკენ. როგორც კორპორატიული, ასევე წარმომადგენლობითი ოფისებისთვის შეიქმნება კონკრეტული საგადასახადო ინიციატივები, რომელიც ჩვენს რეგიონს მოუტანს როგორც ახალ წარმომადგენლობით ოფისებს, ასევე ხელს შეუწყობს დასაქმებას"- აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.