აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს თორნიკეს რიჟვაძეს რეგიონი საკანონმდებლო ორგანოში მოუსმინეს. აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განვითარების საკუთარ ხედვებზე ისაუბრა. თავის გამოსვლაში აქცენტი მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელ რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე გააკეთა:
- ტურიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა
- სოფლის მეურნეობა
- განათლება
- ბუნებრივი რესურსების მართვა და მწვანე ინდუსტრიები
„თანმიმდევრული, თუმცა მყისიერი სიახლეები და ცვლილებები, პირველ ეტაპზე მოკლევადიან შედეგებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება და ამავე დროს პროცესების გრძელვადიან ჭრილში მართვა, ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
თავმჯდომარეობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში აჭარაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ჯანდაცვაზე და სოციალურ პოლიტიკაზე, განათლების სფეროს გაძლიერებაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
თორნიკე რიჟვაძემ სხვადასხვა ინოვაციური პროგრამების განხორციელებაზე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაზე, ღია მართველობის პრინციპებზე და მართვის ეფექტიანობის ზრდაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ სტრუქტურის ფუნქციური ოპტიმიზაციის შედეგად არსებული ადამიანური რესურსის სრულად ათვისება მოხდება.
„მაღალი კომპეტენციის ფარგლებში, გუნდური მუშაობის პრინციპის დაცვით შევქმნით:
- ადამიანზე ორიენტირებულ ღია მმართველობას, სადაც დაცული იქნება ადამიანის კონსტიტუციური უფლებები;
- შევქმნით ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების პირობებს;
- ჩვენი უმთავრესი პრინციპი რეგიონის განვითარებისთვის აუცილებელი ყველა ბიზნეს იდეის მხარდაჭერა და მეორეს მხრივ ამ სფეროში სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე პრიციპების კიდევ უფრო ეფექტურად გატარება იქნება.
- რეგიონის პოტენციის სრული გამოყენებით და ტურიზმის გამრავალფეროვნებით აჭარა წელიწადის ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველი გახდება.
- მაღამთიანი აჭარა, სოფლის განვითარების ხელშეწყობა იქნება მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი. მთას აქვს განვითარების დიდი რესურსი და ჩვენ უზრუნველვყოფთ მის ეფექტურ ათვისებას.
- ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობით ჩვენ შევქმნით ნიჭსა და შრომაზე დაფუძნებულ საზოგადოებას, სადაც ნიჭიერ ახალგაზრდებს რეალიზების საშუალება მიეცემათ. მოხდება მათი ინოვაციური იდეების, ენერგიის კონსოლიდაცია რეგიონის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ერთობლივი მუშაობის შედეგად აჭარა კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.