USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის” (G4G)-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შესყიდვების სააგენტოსთან ერთად განაგრძობს ტრენინგების ციკლს თბილისსა და რეგიონებში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებისა და მეწარმეთათვის. პროექტის მთავარი მიზანია რეგიონებში სახელმწიფო შესყიდვებით ბიზნეს-სექტორის დაინტერესება და მათი საჯარო შესყიდვების პროცესში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.
პროექტისთვის პირველ ეტაპზე 15 მონაწილე შეირჩა ბიზნესასოციაციებისა და რეგიონული წარმომადგენლობებიდან, რომლებმაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარეს. მოსამზადებელი კურსი მათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრისა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერებმა ჩაუტარეს.
პროექტის მეორე ეტაპზე გადამზადებული კანდიდატები მუშაობენ დამწყებ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან რეგიონებში და აწვდიან მათ შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებისა და სერვისების თაობაზე. ტრენინგების ციკლი ამ დროისთვის ქალაქ გორში მიმდინარეობს. ანალოგიური ტიპის ტრენინგები ბათუმში, ქუთაისში და თელავში უკვე გაიმართა, თვის განმავლობაში კი დაგეგმილია ასევე ზუგდიდში. საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოს 5 ქალაქში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებსაც უწევს ორგანიზებას.
USAID G4G პროგრამის ფარგლებში, რომელიც უკვე წლებია მსგავსი პროექტების აქტიური მხარდამჭერია, შეიქმნა 6 ახალი გამოცემა, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე შემსყიდველ ორგანიზაციებს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლაში დაეხმარება.