იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები განაახლებს სანქციებს ირანული ნავთობის გაყიდვის აკრძალვაზე, თეირანმა შესაძლოა დაბლოკოს სპარსეთის ყურეში ნავთობის მომარაგება ჰორმუზის სრუტეში. ამის შესახებ განაცხადა ისლამური რევოლუციური გვარდიის მეთაურის მოადგილემ ისმაილ კუსარიმ YJC - სთან ინტერვიუში.
"თუ მათ სურთ ირანის ნავთობის ექსპორტის შეჩერაბა, ჩვენ არ დავუშვებთ ნავთობის ნებისმიერი პარტიის გაშვებას ჰორმუზის სრუტის გავლით," - განაცხადა კუსარიმ და დასძინა, რომ " ნებისმიერი არამეგობრული ქმედებები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ძვირად დაუჯდება". მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო ნავთობის ოცი პროცენტი სპარსეთის ყურედან ჰორმუზის სრუტის გავლით გადადის, ასე რომ მსოფლიოს ეს ნავთობი სჭირდება.
მსოფლიოს ნავთობის ოცი პროცენტი, რომელიც საზღვაო ტანკერებით გადააქვთ, ჰორმუზის სრუტეზე გადის. ეს სრუტე სპარსეთის ყურეს ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს.
ამ სტრატეგიული სანაოსნო გზის დახურვა ნავთობზე ფასების გაზრდას გამოიწვევს, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს მსოფლიო ეკონომიკაზე.