ბათუმის ახალაშენებულ ესტაკადაზე მოძრაობა დღეს გაიხსნა. ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელის ტექნიკურ გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მერი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი.
პროექტის განხორციელების შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელმა მიაწოდა. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა ესტაკადის 915 მეტრის სიგრძის მონაკვეთის მოასფალტება. მოეწყო და გამწვანდა ესტაკადის გამყოფი ზოლი.
დასრულდა ბორდიურების, განათების ბოძების და სანიაღვრე ქსელების მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და ესტაკადის ფრანგული კედლის მოპირკეთება.
დაგეგმილია პროექტით გათვალისწინებული 5 დამხმარე გზის მშენებლობა (მოასფალტება). ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესში დაახლოებით 90 ადამიანია დასაქმებული. მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ შემოსასვლელში ახალი ხიდი კომფორტული იქნება არა მხოლოდ ბათუმელებისთვის, არამედ ბათუმის სტუმრებისთვის.
მისი თქმით, ხიდი ტურისტულ სეზონზე მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთას და მგზავრების კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს. პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური ხიდის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი 5 დამხმარე გზის მშენებლობას, რაც ტვირთბრუნვის პროცესის ეფექტურობას გაზრდის.
ესტაკადა სრულად ექსპლუატაციაში სექტემბერის თვეში შევა მშენებლობისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 15 297 410 ლარი გამოიყო. ესტაკადას პროექტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.