პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო. ცვლილებები წელს, ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები გაიზრდება.
ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც ახალი რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს. ცვლილებები საკანონმდებლო პროცესის დახვეწასაც გულისხმობს. მათ შორის, შეიზღუდება დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვა.
მმართველი გუნდის წარმომადგენელი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია, აცხადებს, რომ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები აუცილებლად უნდა გაიზარდოს.
„ჩვენ უნდა ველოდოთ თითქმის ყველა სასესიო სხდომაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ უნდა ველოდოთ კომიტეტებში კიდევ უფრო დიდი დოზით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ყოფნას და ჩვენ უნდა ველოდოთ პარლამენტის წევრების მიერ დასმულ კითხვებზე სერიოზულ პასუხებს,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.