იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენისთვის განიხილეს საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, თამარ ჩუგოშვილის, გიორგი კახიანის, ეკა ბესელიას, ირინე ფრუიძის, გურამ მაჭარაშვილის, ანრი ოხანაშვილის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ირაკლი სესიაშვილის და ირაკლი ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი".
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტისთვის რეგლამენტის პროექტი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია.
„პარლამენტის წევრებისთვის, კონსტიტუციის შემდეგ რეგლამენტი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ და ვმუშაობთ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამართული, მაღალი სტანდარტების და კონსტიტუციასთან შესაბამისი რეგლამენტი გვქონდეს", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა სხდომის მონაწილეებს ახალი რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული სიახლეები გააცნო. მისი განცხადებით, დოკუმენტზე მუშაობა თითქმის ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამუშაო ჯგუფი შედგებოდა იურიდიული კომიტეტის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, იურიდიული დეპარტამენტის და ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წარმომადგენლებისგან.
თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ სამუშაო პროცესში გაიმართა ძალიან ბევრი კონსულტაცია და შეხვედრა როგორც პარლამენტის წევრებთან, ასევე არასამთვარობო ორგანიზაციების წარმომდგენელბთან, დონორ ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, ახალი რეგლამენტი გამომდინარეობს მიღებული კონსტიტუციური ცვლილებებიდან და ბევრი რამ, რაც რეგლამენტში იცვლება მიმართულია იმისკენ, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს დოკუმენტი.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განაცხადებით, ძირითადი ცვლილებები შეეხება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, საკანონმდებლო პროცესის დახვეწას, პარლამენტის სტრუქტურასთან დაკავშირებულ ცვლილებებს და თავად პარლამენტის ანგარიშვალდებულების გაზრდას.
თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, რეგლამენტს დაემატება გამოყენებული ტერმინების მუხლი.
ერთ-ერთი ახალი ტერმინია ოპოზიციის განმარტება. პროექტის თანახმად, ოპოზიცია არის პარლამენტის წევრთა ჯგუფი, რომელიც არ არის საქართველოს მთავრობის ფორმირების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების მომხრე, მანამდე, სანამ აღნიშნულ პოზიციას არ უარყოფს საჯაროდ ან წერილობით.
რეგლამენტში ოპოზიციის დეფინიციის გაჩენა განაპირობა კონსტიტუციაში განხორციელებულმა ცვლილებებმა.
ამავე მუხლში ხდება ასევე ანგარიშვალდებული ორგანოს, ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის და თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების განმარტება.
საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით, რეგლამენტის ახალი პროექტით გათვალისწინებულია: პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში პოლიტიკური დებატებით; პრემიერ-მინისტრის რიგგარეშე მოხსენება და ანგარიში; ინტერპელაციის წესის დამკვიდრება - პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება ექნება შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ან მთავრობის წევრს. შეკითხვის ადრესატები შეკითხვას პირადად უპასუხებენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რასაც შემდეგ პოლიტიკური დებატები მოჰყვება; მთავრობის წევრის, ან სხვა ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის დაბარება კომიტეტის სხდომაზე; მინისტრის საათის ფორმატის დანერგვა; დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გამარტივება; ზედამხედველობა საკანონმდებლო აქტების აღსრულებაზე; თემატური მოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა; პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა და სხვა.
საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს: თემატური მომხსენებლის დანიშვნას; დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვის შეზღუდვას; პლენარული სხდომებისა და საკომიტეტო მოსმენების გამიჯვნას; საკომიტეტო სხდომების დღის წესრიგის 3 დღით ადრე გამოქვეყნებას; მთავრობის მიერ თავისი კანონშემოქმედებითი გეგმების პარლამენტში წარდგენის ვალდებულებას ყოველი მორიგი საპარლამენტო სესიისთვის და სხვა.
რეგლამენტის პროექტის წარდგენის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა კომიტეტების წევრების შეკითხვებს უპასუხა.
საპარლამენტო კომიტეტების გადაწყვეტილებით, ახალი რეგლამენტის პროექტზე მსჯელობა მომდევნო სხდომებზე გაგრძელდება.