მთავარი პროკურორის შერჩევის კრიტერიუმი არის მორჩილება, შავ-ბნელი საქმეების შესრულება და უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც შეასრულებს ყველაზე ჭუჭყიან დავალებებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არის ძალიან ცუდი შეთავაზებები ხელისუფლების მხრიდან და ამ ცუდიდან ამოარჩევენ ყველაზე უარესს.
„მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა მთავრი პროკურორობის კანდიდატთა სია, ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოს ეყოლება მომავალი მთავარი პროკურორი, რომელიც იქნება მორჩილი. არის ძალიან ცუდი შეთავაზებები ხელისუფლების მხრიდან და ამ ცუდიდან ამოარჩევენ ყველაზე უარესს. მთავარი კრიტერიუმი არის მორჩილება, შავ-ბნელი საქმეების შესრულება და უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც შეასრულებს ყველაზე ჭუჭყიან დავალებებს. აი, ეს სურათი მივიღეთ. დანარჩენი 15, საკმაოდ ღირსეული ადამიანი არის მხოლოდ ფონი და ანტურაჟი, ილუზიის შესაქმენალად, რომ თითქოს და რაღაც დემოკრატიული წესით ხდება მთავარი პროკურორის შერჩევა. ახალ პროკურორს ნულოვანი ნდობა ექნება საზოგადოების მხრიდან და იგი იქნება ძალიან დიდი საზოგადოებრივი და პოლიტიკური წნეხის ქვეშ და კიდევ ერთი გარემოება - პროკურორი, რომელიც აირჩევა თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, დამატებითი პრობლემა გახდება მომავალში ქვეყნისთვის. ის რაც ახლა ხდება, ეს არის სრული იგნორირება ყველა ნორმისა, არასამთავრობო სექტორის და საზოგადეობის მოთხოვნის. ეს არის ჯიუტად მცდელობა იმისა, რომ პროკურორი იყოს მორჩილი ერთი ადამიანის და შეასრულოს მხოლოდ ის დავალება, რომელიც მოდის ზემოდან. მისთვის მთავარი უნდა იყოს პოლიტიკური ნიშნით გადაწყვეტილების მიღება და არა კანონმორჩილება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.