2013 წლელს გეგუთის ციხეში მოკლული ლევან კორტავას მამიდა, ხათუნა კორტავა და პარტია „თავისუფალი საქართველოს “ ლიდერი კახა კუკავა მოკლული პატიმრის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ.
კუკავას განცხადებით, სასჯელაღსრულების იმჟამინდელი მინისტრი სოზარ სუბარი და გენერალური ინსპექციის იმჟამინდელი უფროსი მირზა სუბელიანი პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.
“ლევან კორტავას საქმე ნაცნობია, მაგრამ დეტალები უცნობია. ჩვენ მოვიკვლიეთ გავრცელებული მასალები, ასევე მოვისმინეთ ინფორმაცია გარდაცვლილის მამიდისგან. საქმეზე პირველი ვერსიით, მსჯავრდებული დაგორდა კიბეზე, მეორე ვერსიით კი, რაც დღეს სასამართლოშია გადაგზავნილი, ეს იყო პატიმრებს შორის ჩხუბი. დავადგინეთ, რომ ეს იყო სასჯელაღსრულების მიერ ორგანიზებული მკვლელობა, რომელსაც ხელს აფარებდა მაშინდელი მინისტრი სოზარ სუბარი და მირზა სუბელიანი “, -აცხადებს კუკავა.
როგორც ის განმარტავს, მკვლელობა ე.წ. ობშიაკის თემას უკავშირდებოდა.
„იმ დროს კორტავა იმ ციხეში არ უნდა ყოფილიყო, სასჯელს იხდიდა რუსთავში. ის ე.წ რაზბორკაზეგეგუთში კერძო მანქანით ჩაიყვანეს. ეს უკავშირდებოდა ე.წ ობშიაკის თემას. საქმეში არის მნიშვნელოვანი გარემოებები, პირდაპირ ვიტყვი, სასიკვდილო ცემის დროს არცერთი ციხის თანამშრომელი არ ჩარეულა. არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. იმისთვის, რომ სუბარს და სუბელიანს თავი დაეძვრინათ, საქმე პატიმრების ნაწილმა აიღო თავზე, იმ პირობით, რომ ადრე დაკისრებული სასჯელები შეუმცირდებოდათ. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ხელახლა გამოძიებას ვითხოვთ. სოზარ სუბარი უნდა მიეცეს პასუხისგებაში, როგორც ადამიანი, რომელმაც დანაშაული დაფარა”, – განაცხადა კუკავამ.