პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე, ჯანდაცვისა და დევნილთა სამინისტროების გაერთიანების შედეგად მიღებული ახალი სამთავრობო უწყების დასახელებას არ ეთანხმება და მის შეცვლას ითხოვს. ამის შესახებ მან განცხადება კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა, სადაც მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტს განიხილავენ. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ის არ ეთანხმება მთავრობის სტრუქტურის იმ ნაწილს, სადაც გაერთიანებული ორი სამინისტრო შემდეგი სახითაა წარმოდგენილი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
„ვფიქრობ, რომ აღნიშნული ფორმულირება არასწორია. თუ ამ დასახელებას მივყვებით, გამოდის, რომ ეს არის დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. დევნილთა სამინისტრო გამოდის. შესაცვლელია ფორმულირება და შესაძლებელია, გაერთიანებული სამინისტროების დასახელება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო,“ - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.
ხუნდაძის ინიციატივას სხვა დეპუტატებიც დაეთანხმნენ. ჯანდაცვის კომიტეტმა კი სტრუქტურულ ცვლილებებს იმ პირობით დაუჭირა მხარი, რომ გაერთიანებული სამინისტროების დასახელება შეიცვლება.
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილება შესაძლებელია და ამ თემაზე დამატებითი კონსულტაციები მოხდება.