ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ შსს-ს თანამშრომელი, კახა სირაძე, რომელის უწყებაში მკვლელობების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ვალდებული იყო, ეწარმოებინა ყველა საჭირო ღონისძიება რათა ფარდული ყოფილიყო დაცული, მაგრამ ის „ვალში იყო მირზა სუბელიანთან, ამის გამო სირაძე „უყურადღებოდ“ მოექცა ფარდულის განადგურებას“. ამის შესახებ ზვიად კუპრავამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კახა სირაძემ მირზა სუბელიანის დამსახურებით შეინარჩუნა თანამდებობა, რის გამოც ის მასთან ვალში იყო.
„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ კახა სირაძე როდესაც მერაბიშვილი დაიჭირეს, თანამშრომლებთან და უახლოეს მეგობრებთან ერთად დაიბარეს გენერალურ ინსპექციაში, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ ეს პირები იყვნენ ვანო მერაბიშვილის გარემოცვა და მოსთხოვეს მათ „პატაკების“ დაწერა და სამსახურიდან წასვლა. მათ დაწერეს „პატაკები“ სამსახურიდან წასვლაზე, თუმცა თარიღი გენინსპექციის მოთხოვნით არ იყო დასმული, რის შემდეგაც კახა სირაძემ დაურეკა მის უახლოეს მეგობარს მირზა სუბელიანს და სთხოვა შუამდგომლობა, რათა მათ დახმარებოდნენ. კახა სირაძემ სთხოვა, რომ შუამდგომლობა გაეწია რათა ეს ადამიანები სამსახურიდან არ წასულიყვნენ. თავის მხრივ, სუბელიანმა გაუწია შუამდგომლობა და მათი ნაწილი, დატოვეს შსს-ს ორგანოებში, მათ შორის კახა სირაძე. ეს იყო მირზა სუბელიანის დამსახურება. მას შემდეგ რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე სისხლიანი ტრაგედია, სუბელიანი დაუკავშირდა კახა სირაძეს, რომელიც ვალში იყო მასთან და უთხრა, რომ ფარდულისთვის მიექცია ყურადღება,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ. მანვე კომისიას მიმართა, ფაქტის დასადასტურებლად ამოღებული იყოს სუბელიანის და სირაძის სატელეფონო საუბრების სიხშირე 1-2 დეკემბერს.