საგამოძიებო კომისია აგრძელებს თანამშრომლობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს რეგულარული კონტაქტი იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ სამართლებრივ, მათ შორის სისხლის სამართლებრივ საკითხებზე, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ.
კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველოს აპარატის წარმომადგენლებს ხვდებიან. კაპანაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იქნება იმ პროგრესზე, რომელიც კომისიას ბოლო დღეების განმავლობაში აქვს.
"იმის გამო, რომ ძალიან დიდი ინტერესია ამ საქმისა და ზოგადად საგამოძიებო კომისიის საქმიანობის მიმართ, მნიშვნელოვანია ეს რეგულარული კონტაქტები. ახლა გვექნება საუბარი მათთან იმ პროგრესზე, რომელიც ამ ბოლო დღეების განმავლობაში საგამოძიებო კომისიას ჰქონდა და ასევე განვიხილავთ მათთან იმ რეკომენდაციის პროექტებს, რომელიც შეთავაზებულია კომისიისთვის. კომისიას ჯერ არ უმსჯელია ამ რეკომენდაციებზე და ძალიან მალე განხორციელდება ეს მსჯელობაც და იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ეს ორი რეკომენდაცია ეხება ერთის მხრივ ერთი არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას, ვინაიდან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა და მეორე - ერთ-ერთი არასრულწლოვნის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციას", - განაცხადა კაპანაძემ.