პარლამენტის რიგგარეშე სესიები მომავალ კვირაში დაინიშნება.
ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტეთან პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა, გააკეთა. „საგაზაფხულო სესია დაიხურა, მაგრამ ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება რიგგარეშე სესიის მოწვევა. ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირაშივე იქნება რიგგარეშე სესია მოწვეული, იმიტომ, რომ პარლამენტში შემოსული არის საკანონმდებლო პაკეტი, 116 კანონპროექტით. ეს არის ის კანონპროექტები, რომლებიც მთავრობის რესტრუქტურიზაციას ისახავს მიზნად და ვფიქრობთ, მომდევნო კვირაშივე დაჩქარებული წესით განვიხილავთ ამ პაკეტს, რის შემდეგაც გვექნება შესაძლებლობა, განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა დავიწყოთ,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესია, რეგლამენტის თანახმად, დღეს დაიხურა. ამის შემდეგ კი საშემოდგომო სესიის დაწყებამდე რიგგარეშე სესიის გამართვისთვის პრეზიდენტის თანხმობა იქნება საჭირო.