ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" სოლისტის, ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას ადვოკატის, არჩილ შაბაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა, ის ექიმის მიერ დანიშნულ ფსიქოტროპულ მედიკამენტს მოიხმარდა.
"შესაძლოა, მკურნალობის დროს ადამიანმა მოიხმაროს ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის დანიშნულებით, უბრალოდ ამით სახელმწიფო ბრალდება არ დაინტერესებულა. ჯანჯღავას დღეის მდგომარეობით ფილტვების ანთება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვს, რაზეც საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. დანაშაულის მოხდენისას ის არ იყო ფსიქოტროპული პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ", - აცხადებს შაბაშვილი.
რაც შეეხება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, აღნიშნულს გაასაჩივრებენ თუ არა, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატი კონსულტაციას თავის დაცვის ქვეშ მყოფთან გაივლის.
საქმის პროკურორის, თამარ მისაბიშვილის განმარტებით, ნათია თოფურია ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, სავარაუდოდ, ირაკლი ნოზაძის დაჭრის დროს იმყოფებოდა. ამასთან, პროკურორის თქმით, ბრალდების მხარისთვის სასამართლოს მიერ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მოსალოდნელი იყო.
"ბრალდების მხარეს ჰქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას გამოიყენებდა, რადგან სახეზე იყო ამის ყველა საფუძველი. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები ნამდვილად ასაბუთებდა, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელის შეშლისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები ნამდვილად არსებობდა. რაც შეეხება ბრალდებულების მიერ ნარკოტიკების მოხმარებას, ნათია თოფურიას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, ხოლო მეორე ბრალდებულს ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება", - განაცხადა პროკურორმა.