არსებობს ათეულობით თვითმხილველი, რომელიც სამწუხაროდ, გამოძიების ეტაპზე არ დაკითხულა, - ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ადამიანებით შს სამინისტროს წარმომადგენლები არ დაინტერესებულან და ზოგადად, უნდა ვთქვათ, რომ თვითმხილველებიდან ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა გამოძიებას არ გამოუყენებია.
"ეს ადამიანები დაიკითხნენ ძალიან გვიან და ზერელედ. არ დასმულა არც ერთი ისეთი კრიტიკული კითხვა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მეტი ინფორმაციის მიღებას. ჩვენ რა თქმა უნდა, დავსვამთ ამ შეკითხვებს. სამწუხაროდ, არ ვიცი, თვითმხილველები დღეს - ტრაგიკული შემთხვევიდან 7 თვის გასვლის შემდეგ რამდენად შეძლებენ დეტალების აღდგენას. ჩვენ ვალდებული ვართ ეს ადამიანები გამოვკითხოთ. მომდევნო დღეებში გავაგრძელებთ საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების დაკითხვას. კომისიის ფარგლებში ვნახეთ, რომ ბევრ კითხვაზე, რომელიც მასალების წაკითხვის შემდგომ გაჩნდა, მათ პასუხი არ აქვთ", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.