სტრუქტურულ ცვლილებებზე ჩვენ მთავრობის წინა სხდომისას ვისაუბრეთ. წარმოდგენილია დოკუმენტი, სადაც დეტალურადაა ასახული ის ცვლილებები, რაც განხორციელდება, მათ შორის, ის კომპონენტები, რომელიც ნაწილდება სხვადასხვა სამინისტროზე, ესეც ვფიქრობ, საკმაოდ ნათლად არის წარმოდგენილი.
რაც შეეხება საკადრო შემადგენლობას, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს. აქედან გამომდინარე, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ პარლამენტში შესაბამის პროცედურებს გავივლით მოკლე ვადაში და საშუალება მექნება საზოგადოებას რაც შეიძლება დროულად წარვუდგინო განახლებული მთავრობა, მინისტრთა კაბინეტი.
ჩვენ წარვადგენთ განახლებულ შემადგენლობას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში.
რაც შეეხება მცირე მთავრობის კონცეფციას - აქაც ვფიქრობ, ჩვენ ძალიან სწორი და მარტივი მესიჯები გვაქვს და ავიღეთ ამ თემაზე შესაბამისი ორიენტირი.
ჩვენ მნიშვნელოვნად ვამცირებთ, ზოგადად, სახელმწიფოს ზომას ეკონომიკაში. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ის ცვლილებები, რომელიც სამინისტროებს შეეხება არ უკავშირდება მხოლოდ იმას, რომ ჩვენ სახელმწიფოს როლი მთლიან ეკონომიკაში ჩამოვიყვანოთ 3,9%-ზე. ეს ფიზიკურად იქნება შესაძლებელი მხოლოდ ამ სამინისტროების ხარჯზე. ჩვენ ვსაუბრობთ მთლიანად, ზოგადად სახელმწიფოს ბიუროკრატიაზე - აქ იგულისხმება როგორც სამინისტროები, ასევე სსიპ-ები, ა(ა)იპები, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე მუშაობენ. ზოგადად მთელი სახელმწიფოს მონაწილეობა ეკონომიკაში უნდა განვსაზღვროთ 3,9%-ზე, ეს უნდა იყოს ზედა ზღვარი. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ დღესთან შედარებით ჩვენ საშუალება მოგვეცემა ორი წლის განმავლობაში 200 მლნ-დან 250 მლნ-ლარამდე გამოვათავისუფლოთ და მივმართოთ სოციალურ პროგრამებზე. თუ რომელ სოციალურ პროგრამებზე, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ პარლამენტთან ერთად და ჩამოვყალიბდეთ შესაბამის პრიორიტეტებზე.