ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრის, ირაკლი ნოზაძის დაჭრასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულების ადვოკატებმა სასამართლოს მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართეს.
კახაბერ პაპავამ ნათია თოფურიას 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, არჩილ შაბაშვილმა კი, თამთა ჯანჯღავას 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.
როგორც პროცესზე პროკურორმა განაცხადა, დანა და ტანსაცმელი ამოღებული არ არის, შესაბამისად ნივთიერი მტკიცებულებების დამალვის, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც, ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა შეფარდებოდათ.
აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და განმარტა, რომ ჯანჯღავას ირაკლი ნოზაძის მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა.
როგორც არჩილ შაბაშვილმა განაცხადა, ჯანჯღავა ორი მცირეწლოვნის, 5 და 6 წლის შვილების დედაა, სახლში კი მოხუცი ბებია ჰყავს და ოჯახის მარჩენალი თავადაა. ადვოკატის განმარტებით, თუკი, სასამართლო მკაცრ აღკვეთის ღონისძიების სახეს - პატიმრობას გამოიყენებდა, ბავშვები უპატრონოდ დარჩებიან.
პროკურორის განმარტებით, ნათია თოფურიას ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა, რის გამოც, მისი ჩვენება გადასამოწმებელია. ადვოკატ კახაბერ პაპავას თქმით კი, თოფურიას მხოლოდ მარიხუანის მოხმარება დაუდგინდა. მისი განმარტებით, თოფურია მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს და მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს, რადგან ორი მცირეწლოვნის, 2 და 3 წლის შვილების დედაა.