მთავრობამ გაერთიანებული სამინისტროების სახელები განსაზღვრა, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ სიტყვები „სასჯელაღსრულება“, „მეცნიერება“ და „ძეგლთ დაცვა“ საერთოდ აღარ იქნება გამოყენებული.
ამის შესახე ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ, განუცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს პარლამენტს მთავრობის სტუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და მასში 150–მდე კანონი არის გაერთიანებული.
ნათია მიქელაძის თქმით, “დამატებით ცვლილებებს, გარდა იმისა, რაც იქნა გაცხადებული, არ უნდა ველოდოთ“.
მან ასევე ისაუბრა გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებებზე.
„სასჯელაღსრულების სამინისტრო გაერთიანდება იუსტიციის სამინისტროსთან და სახელწოდება იუსტიციის სამინისტრო დარჩება უცვლელი. დევნილთა სამინისტრო ერთიანდება შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროში და სახელწოდება იქნება - ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტროს უერთდება სპორტისა და კულტურის სამინისტრო და შესაბამისად, სახელწოდება იქნება - განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო. სახელწოდებებთან დაკავშირებით განხილვები იქნება პარლამენტში და არ არის გამორიცხული, ახალი სახელწოდება ჩამოყალიბდეს,“ - განაცხადა ნათია მიქელაძემ.
მისი თქმით, ცვლილების თვითმიზანს არ წარმოადგენს თანამშრომელთა გათავისუფლება და ყველა პროფესიონალი შეინარჩუნებს სამსახურს. რაც შეეხება ხარჯების დაზოგვას, ნათია მიქელაძის თქმით, ყველა დონეზე იგეგემება ადმინისტრაციული ხარჯის ოპტიმიზაცია. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება და ორშაბათიდან დაიწყება მასზე მუშაობა.