ახალი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით მივიღეთ, რომ ფარდულის დემონტაჟში ჩართული იყო პოლიცია და გასარკვევია, რა ფორმით, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.
„ახალი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით მივიღეთ, რომ ფარდულის დემონტაჟში ჩართული იყო პოლიცია და გასარკვევია, რა ფორმით. კონკრეტულად რომელი პოლიციელები იყვნენ. ასევე დღეს გავიგეთ, რომ ერთ-ერთი პირი საუბრობს მოზარდზე, რომელსაც თავში ჰქონდა დაზიანება და სისხლი სდიოდა. ეს იყო აბსოლუტურად ბუნდოვანი, აქამდე უცნობი გარემოება. შესასწავლია, ეს მოზარდი ვინ იყო, ვისზე საუბრობს. არც დადუნაშვილს და არც სარალიძეს თავში დაზიანება, ჭრილობა მიღებული არ ჰქონია და ეს დეტალია, რომელიც საქმეში არ იდო”,- განაცხადა ოთარ კახიძემ.
მისივე ინფორმაციით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფარდული ვინმეს კერძო საკუთრება იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს ფარდული პრივატიზებული და დაკანონებული არ იყო, ხოლო ფარდულის დემონტაჟზე მითითება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის განმარტებით პოლიციამ გასცა და არსებობს კონკრეტული პირი, ვინც პოლიციასა და მესაკუთრეებს შორის შუამავალი იყო. კომუნიკაცია რჩეულიშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებასთან მიმდინარეობდა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამას გადამოწმება და დამატებითი შესწავლა სჭირდება”,- განაცხადა კახიძემ.
რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მე-4 პირის დაჭრას, კახიძე აცხადებს, რომ წინასწარ ამაზე საუბარი უჭირს, თუმცა ამაზე ერთ-ერთი თვითმხილველი ნამდვილად მიუთითებს.
მისივე თქმით, უცნაურია ფაქტი, რომ იორდანაშვილს პირველ დეკემბერს ჩვენება აქვს პოლიციაში მიცემული, თუმცა ჩვენება საქმის მასალებიდან გამქრალია.
„მოქალაქე, რომელიც ხედავს, მის თვალწინ ადამიანს დანას ურტყამენ, პირველი – ვალდებულია, პოლიციაში და სასწრაფო დახმარებაში დარეკოს. მეორე – ვალდებულია, დახმარება თავად გაუწიოს. თუ შეუძლია, რომ წაიყვანოს, მანქანაში ჩასვას და მიეხმაროს. ვალდებულია, ამის შესახებ მიაწოდოს ჩვენება როგორც პოლიციას, ისე საგამოძიებო კომისიას. უცნაური ამ ყველაფერში გახლავთ ის, რომ ამ ადამიანს იმავე დღესვე, შემთხვევიდან რამდენიმე საათში პოლიციისთვის ჩვენება აქვს მიცემული, რაღაც მოყოლილი აქვს და საქმიდან ეს ჩვენება გამქრალია. დღეს ეს მოწმე არაფერს არ ამბობს”,- განაცხადა კახიძემ.