პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, ოფიციალური ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკას ეწვია. ქვეყნის პრეზიდენტთან იგორ დოდონთან, ვიცე პრემიერთან კრისტინ ლესნიკთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროპასთან ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანთან მიხაილ კეპეცინესთან გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული გამოწვევები და დნესტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხები მიმოიხილეს. გიგი წერეთელმა ბოლო პერიოდში სამშვიდობო პროცესებში მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა და კიშინოვს და ტირასპოლს პროგრესის იმპულსის შენარჩუნებისკენ მოუწოდა, რაც თავის მხრივ, კონფლიქტის ყოვლისმომცველი და მშვიდობიანი მოგვარების აუცილებელ პირობებს შექმნის.
„მაშინ, როდესაც ევროპის უსაფრთხოება და სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დგას, რეგიონის სხვა ქვეყნებში, სადაც კონფლიქტების მოგვარების კუთხით, პოზიტიური დინამიკა, ჯერ კიდევ არ შეინიშნება, კიშინოვი და ტირასპოლი მათ დადებით მაგალითს აძლევენ. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გარკვეული უთანხმოებებისა, კიშინოვი და ტირასპოლი დიალოგის გზით ცდილობენ პრობლემის მოგვარებას და პროცესების ნორმალიზებას", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
იგორ დოდონთან გამართულ შეხვედრაზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველო-უკრაინა-მოლდოვის ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის შექმნის ფაქტს შეეხო და აღმოსავლეთ პარტნიორობის ამ სამი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებები პოზიტიურად შეაფასა. მისივე განცხადებით, რეგიონის სტაბილური და უსაფრთხო განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს დიალოგი და სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლის ხელშეწყობასაც ეუთოს ინსტიტუტები უზრუნველყოფენ.
მოლდოვის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გიგი წერეთელი დნესტრისპირეთის ლიდერს, ვადიმ კრასნოსელსკის, უმაღლესი საბჭოს სპიკერს, ალექსანდრე შერბოის, გაგაუზიის ავტონომიურ-ტერიტორიული ოლქის ხელმძღვანელს, ირინა ვლახს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მოლდოვის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს და მოლდოვაში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს, ელჩ მაიკლ სკენლანს შეხვდა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა შეხვედრები ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთანაც გამართა.