სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მშპ-სთან მიმართებაში ეტაპობრივად ჩამოვა 3,9%-ზე, აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ე.წ. მცირე მთავრობის პრეზენტაციისას გააკეთა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობა 10 სამინისტროთი და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატით იქნება წარმოდგენილი.
„ჩვენთვის, სწორედ ეს 3.9%-ი იქნება მაქსიმუმი ზედა ჭერი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ. ბიუროკრატიაზე დაზოგილი ხარჯები და სხვადასხვა ინიციატივების, ანუ ისევ ჩვენს მოსახლეობას მოხმარდება. ამ სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად მთავრობა დღესვე მიმართავს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით“, აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტრო შეერწყმება კი იუსტიციის სამინისტროს.
"ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქცია სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება. დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკას ჯანდაცვის სამინისტრო.
გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატს.
ეკონომიკის სივრცითი კომპონენტი გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში”, – განაცხადა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძეს დღეს მინისტრობის კანდიდატთა სახელები არ დაუსახელებია.