საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურას პარლამენტს დღეს წარუდგენს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
„გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ შეარჩია და პრეზიდენტს წარუდგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. როგორც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს, საქართველოს პრეზიდენტი ამ კანდიდატურას წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. ამ შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედონ მთავრობის პირებმა, განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის მე-80 პრიმა მუხლი კი ცალსახად ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უმრავლესობის მიერ შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ალტერნატიული მოქმედების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტი იმოქმედებს ზუსტად ისე, როგორც ამას განსაზღვრას საქართველოს კონსტიტუცია“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, მისი მოსაზრებით ვინ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად - ეს არის ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მმართველმა გუნდმა გააკეთა სხვა არჩევანი. მისივე თქმით, პრეზიდენტის პოლიტიკური პოზიცია არის ერთი საკითხი, მეორე საკითხია, რას და როგორ განსაზღვრავს ქვეყნის უზენაესი კანონი.