მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. ადმინისტრაციის ორგანიზებით კულტურული ტურიზმის სფეროს გიდებისთვის ტრენინგი გაიმართა. გადამზადების კურსი 24-მა გიდმა გაირა.
ტრენერებად გადამზადებულ გიდებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. სასწავლო კურსი 15 დღე გაგრძელდა. ტრენინგი ორი ეტაპისაგან შედგებოდა. თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ პრაქტიკული მომზადების კურსი თბილისის მუზეუმებში, ძველი თბილისის საფეხმავლო და სატრანსპორტო მარშრუტებზე მოეწყო. გადამზადების კურსი გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (WFTGA) წარმომადგენლებმა გამართეს.
კურსის დასრულების შემდეგ გადამზადებული გიდები WFTGA-ს აკრედიტირებული ტრენერები გახდნენ და მათ უფლება აქვთ მომავალი გიდებისთვის გიდის პროფესიის შემსწავლელი კურსი ჩაატარონ.