Lufthansa Group-მა ეფექტურობის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2017 წელს ერთი მგზავრის 100 კმ-ზე გადაყვანისთვის 3.68 ლიტრი ნავთი დახარჯა, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.
ეს იმ ფონზე, როდესაც 2016 წლის მაჩვენებელი 3.85 ლიტრს შეადგენდა. შესაბამისად Lufthansa Group-მა მოახერხა, რომ 100 კმ-ზე მგზავრის გადასაყვანად საწვავის მოხმარება 4.5%-ით შეემცირებინა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს იმაზე მეტია რაც ზოგადი სტანდარტია, რადგანაც წელიწადში კომპანიები საწვავის ხარჯის შემცირებას 1.5%-ის ფარგლებში ახერხებენ.
საწვავზე ხარჯის შემცირება კი თავის მხრივ ავიაკომპანიის პარკში ახალი თანამედროვე თვითმფრინავების დამატებით და ასევე სპეციალური პროგრამის შემუშავების საფუძველზე მოხდა.
2017 წელს Lufthansa Group-მა 29 ერთეული ახალი ხომალდი: A350-900, A320neo და Bombardier C Series მიიღო.
ასევე, Lufthansa Group-ს შეკვეთა აქვს გაკეთებული 190 ახალ თვითმფრინავზე, რომელსაც კომპანია 2025 წლისთვის მიიღებს.