თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანი, თეო ფრანკენი 11-14 ივნისს სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში ბელგიის სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან, იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან სოზარ სუბართან.
სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვედრას გამართავს ევროკავშირის ელჩებთან, პოლიციისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენს თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებზე ინფორმაციის გაცვლა და შესაბამისი გამოცდილების გაზიარება, მათ შორის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის და თავშესაფრის მოთხოვნის არამართლზომიერად გამოყენების პრევენციის საკითხში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კულტურული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბელგიის სამეფოს დელეგაცია მოინახულებს ძველ თბილისს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და მცხეთას.
აღსანიშნავია, სახელმწიფო მდივანი საქართვლოს მეორე ვიზიტით სტუმრობს. პირველად იგი 2015 წელს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმდინარეობის პროცესზე დაკვირვების მიზნით იმყოფებოდა საქართველოში.